20 ნოემბერი მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების დღეა.
მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა სოფელ წერაქვში, როგორც მიხეილ ადამაშვილი 1880 წლის 20 ნოემბერს. პირველი ნაწარმოებებზეც ამ სახელით აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჯავახიშვილი მისი ფსევდონიმია. მის გვართან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომ თავად ჯავახიშვილმა განმარტა: „ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია, იქიდან გამოქცეულა, ქიზიყში გადასულა და იქაური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ, ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი“.
1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭის ყრით მიიღო გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“. მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. მხოლოდ კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ დატოვა კავშირის სხდომა პროტესტის ნიშნად.
მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს „აღიარებაზე“. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.
0 comments:
Post a Comment